You are using an outdated browser. For a faster, safer browsing experience, upgrade for free today.
სიახლეებზე დაბრუნება

REA-ს სიახლეები • 26 ნოემბერი, 2026

საქართველოს საცალო და ელექტრონული კომერციის ასოციაციის (REA) განცხადება

საქართველოს საცალო და ელექტრონული კომერციის ასოციაციის (REA) განცხადება

2026 წლის 25 ნოემბრიდან ამოქმედდა საქართველოს მთავრობის 13 ნოემბრის №535 დადგენილება, რომლითაც ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის (სეს ესნ 61–65 ჯგუფები) იმპორტზე საბაჟო გაფორმების მომსახურების საფასური 1 კილოგრამზე 3 ლარით განისაზღვრა.

ახალი საფასური არ ანაცვლებს დღგ-ს ან იმპორტის გადასახადს, ხოლო გამონაკლისებში (EU, EFTA, UK) არ არის გათვალისწინებული თურქეთი და ჩინეთი - ბაზრები, საიდანაც საქართველოს საცალო სექტორის იმპორტის უდიდესი წილი შემოდის.

მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება და მისი მიღების ფორმა არასამართლიანია ადგილობრივი ბიზნესის მიმართ სამი ძირითადი მიზეზის გამო:

  • არაპროპორციულად დიდი თანხა: საბაჟო გაფორმების მომსახურების საფასური აქამდე ფიქსირებულ, შედარებით მცირე თანხას (მაქსიმუმ 500 ლარს) შეადგენდა 1 დეკლარაციაზე. კილოგრამზე 3-ლარიანი განაკვეთი კი ერთ ტვირთზე ხარჯს ათეულობით ათას ლარამდე ზრდის (მაგალითად, 10 ტონაზე - 30 000 ლარამდე, 20 ტონაზე - 60 000 ლარამდე). ვინაიდან საფასური საქონლის წონაზეა მიბმული და არა ღირებულებაზე, დარტყმა განსაკუთრებით მძიმეა დაბალი და საშუალო საფასო სეგმენტისთვის.

  • ბიზნესთან კომუნიკაციის სრული არარსებობა: ასეთი მასშტაბის ფინანსური გავლენის მქონე რეგულაცია სექტორთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციისა და დიალოგის გარეშე იქნა მიღებული. ბიზნესს არ მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა რეალური გათვლები და შეეფასებინა მოსალოდნელი რისკები.

  • არაგონივრულად მოკლე ვადა: დადგენილების გამოქვეყნებიდან (17 ნოემბერი) მის ამოქმედებამდე (25 ნოემბერი) მხოლოდ 8 დღე გავიდა. საცალო ვაჭრობაში შესყიდვები, ლოჯისტიკა და საფასო პოლიტიკა თვეებით ადრე იგეგმება - ასეთ ვადაში კომპანიებისთვის შეუძლებელია პროცესების გადაწყობა, მით უმეტეს, როდესაც შეკვეთილი ტვირთების ნაწილი უკვე გზაშია ან გაფორმების მოლოდინშია. ნებისმიერი ასეთი ცვლილება უნდა იყოს ბიზნესისთვის განჭვრეტადი, მისი აზრი უნდა იყოს მოსმენილი, ხოლო მიღების შემთხვევაში, ბიზნესს უნდა მისცემოდა გონივრული ვადა ახალ ტარიფებთან ადაპტაციისთვის.

REA-ს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მძიმე ტვირთად დააწვება როგორც ადგილობრივ ბიზნესს, ისე მომხმარებელს:

ფასების გარდაუვალი ზრდა ადგილობრივ ბაზარზე: ახალი საფასური პირდაპირ აისახება როგორც ბაზრობებზე, ისე სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილ ბრენდულ მაღაზიებზე, რადგან ევროპული ბრენდების დიდი ნაწილიც აზიასა და თურქეთში იწარმოება და EUR.1 სერტიფიკატს არ ფლობს.

უპირატესობა უცხოურ ონლაინ პლატფორმებს: ქართული კომპანიები ისედაც არათანაბარ კონკურენციაში არიან საერთაშორისო ონლაინ ვაჭრობის პლატფორმებთან (Wildberries, Temu, Shein, Trendyol, AliExpress და სხვ.), რომლებიც 300-ლარიანი დაუბეგრავი ზღვრის პირობებში ოპერირებენ. ვინაიდან ახალი რეგულაცია არ ეხება ფორმა №4-ით გაფორმებულ ამანათებს, უცხოური პლატფორმები ადგილობრივ იმპორტიორებთან შედარებით კიდევ უფრო დიდ ფასობრივ უპირატესობას იღებენ.

დარტყმა ადგილობრივ დასაქმებასა და ეკონომიკაზე: ადგილობრივი სავაჭრო ობიექტები იხდიან იჯარას, ხელფასებსა და გადასახადებს საქართველოს ბიუჯეტში. მომსახურების საფასურის ახალი ტარიფი კი მომხმარებელს კიდევ უფრო უბიძგებს, თანხა უცხოურ სავაჭრო პლატფორმებზე დახარჯოს, რაც კიდევ უფრო წაახალისებს ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას.

ოფიციალური კვლევებით დასტურდება, რომ მხოლოდ 2024 წელს საერთაშორისო ონლაინ გამოწერების მოცულობა 1.6 მილიარდ ლარს აჭარბებდა, მაშინ როცა ადგილობრივი ელ-კომერცია მხოლოდ 0.5 მილიარდი ლარი იყო. ამ ტემპით 2030 წლისთვის მოსალოდნელი იყო საერთაშორისო გამოწერების 5 მილიარდ ლარამდე ზრდა, რაც ბიუჯეტისთვის 1 მილიარდ ლარზე მეტ დანაკლისს ნიშნავს მხოლოდ ერთ წელიწადში. ეს ცვლილება კიდევ უფრო გაზრდის უთანასწორობას ბაზარზე და შექმნის უპირატესობას საერთაშორისო კომერციის სასარგებლოდ, ადგილობრივი ბიზნესის წილის შემცირების ხარჯზე.

ამ ფონზე კი, სექტორს უჩნდება ლეგიტიმური კითხვები:

  • რატომ გახდა ამ რეგულაციის მიღება საჭირო და რა მიზანს ემსახურება ის?
  • რამდენად მიზანშეწონილია ასეთი ფინანსური მექანიზმის ამოქმედება იმ ადგილობრივი კომპანიების მიმართ, რომლებიც ყოველწლიურად მილიონობით ლარს იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტში?
  • რატომ ხდება საერთაშორისო გამოწერების არაპირდაპირი წახალისება მაშინ, როდესაც ქართულ ბაზარზე აქტიურად ოპერირებენ Wildberries, Temu, Shein და სხვა უცხოური პლატფორმები, რომლებიც საქართველოს ბიუჯეტში არაფერს იხდიან მილიონობით ლარის ღირებულების საქონლის იმპორტისას?
  • როგორ შეიძლება მსგავსი დისბალანსი ემსახურებოდეს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს?

საქართველოს საცალო და ელექტრონული კომერციის ასოციაცია (REA) მზად არის კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.
მივმართავთ სსიპ შემოსავლების სამსახურსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს თხოვნით, უახლოეს პერიოდში ჩაინიშნოს სამუშაო-საკონსულტაციო შეხვედრა სექტორის წარმომადგენლებთან, რათა ერთობლივად განვიხილოთ მომსახურების საფასურის დათვლის ახალი წესის და ოდენობის მიზანშეწონილობა, ასევე ზემოთ აღნიშნული რისკების დაზღვევის მექანიზმები და დაზუსტდეს კრიტიკული ტექნიკური საკითხები (ნეტო/ბრუტო წონის დათვლის წესი, შერეული დეკლარაციები და დადგენილების ამოქმედებამდე შემოტანილი/გამოგზავნილი ტვირთების მიმართ ამ დადგენილების მოქმედების გავრცელების საკითხი).